SEO საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, ერთი შეხედვით, რთული ცნებაა. თუმცა, სწორად დაგეგმილი სტრატეგიითა და თანმიმდევრული მოქმედებებით, ნებისმიერი ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი და ძლიერი ინსტრუმენტია ციფრულ სივრცეში წარმატების მისაღწევად.
SEO (Search Engine Optimization) არის ვებგვერდის ოპტიმიზაციის პროცესი, რომლის მიზანია, საძიებო სისტემებში (მაგალითად, Google-ში) უფრო მაღალ პოზიციებზე გამოჩნდე და მეტი ორგანული (უფასო) ტრეფიკი მიიღო.
მარკეტოლოგები ყურადღებით ვადევნებთ თვალს გუგლის ალგორითმების განახლებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი არ გამოჩნდება იმ საკვანძო სიტყვების ძიების შედეგებში (SERP-ში) , რომლებიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
საბედნიეროდ, არსებობს ერთი მუდმივი და სანდო გზა SEO-ს წარმატებისთვის: ვებსაიტის ოპტიმიზაცია საკვანძო სიტყვებით. სწორად ოპტიმიზებული ვებსაიტი მიზნობრივ აუდიტორიას იზიდავს, მათთვის სასიამოვნო გამოცდილებას ქმნის და ახალისებს ქმედებებს, მაგალითად, პროდუქტების შეძენას, სერვისზე რეგისტრაციას ან ჩვენთან დაკავშირებას.
როგორ მუშაობს საძიებო სისტემები?
საძიებო სისტემებს მაშინ ვიყენებთ, როცა კითხვები გვიჩნდება და პასუხების მოსაძებნად ინტერნეტს მივმართავთ.
საძიებო სისტემების ალგორითმები კომპიუტერული პროგრამებია, რომლებიც სხვადასხვა მინიშნებას ეძებენ, რათა ზუსტად ის შედეგები გვაჩვენონ, რასაც ვეძებთ.
სწორედ ალგორითმი წყვეტს, რომელი ვებგვერდი უნდა გამოჩნდეს კონკრეტული საკვანძო სიტყვის ძიებისას. ამიტომაც, გუგლის ალგორითმის განახლებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც ბრენდებზე, ისე მარკეტოლოგებზე. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საძიებო პროცესში სოციალურ ქსელების ალგორითმებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
მასზე მუშაობა სამ ძირითად ეტაპს მოიცავს:
საძიებო სისტემის სკანირება (Crawling)
პირველი ეტაპია ქრაულინგი. საძიებო სისტემები სპეციალურ პროგრამებს, ვებ ქრაულერებს აგზავნიან, რათა აღმოაჩინონ ახალი ვებგვერდები და შეაგროვონ ინფორმაცია მათ შესახებ. ამ ქრაულერებს ხშირად “ობობებს”, “რობოტებს” ან “Googlebot”-ებსაც უწოდებენ.
მათი მთავარი მიზანია ახალი ვებგვერდების აღმოჩენა და უკვე ნანახის პერიოდული შემოწმება, რათა დაადგინონ, შეიცვალა თუ არა ან განახლდა შინაარსი.
საძიებო სისტემის ინდექსირება (Indexing)
მეორე ეტაპი ინდექსირებაა. ინდექსირება ნიშნავს, რომ საძიებო სისტემა წყვეტს, დაამატოს თუ არა უკვე აღმოჩენილი შინაარსი თავის მონაცემთა ბაზაში. თუ საძიებო სისტემა მიიჩნევს, რომ ვებგვერდის შინაარსი ღირებულია, ინდექსში დაამატებს.
ინდექსაცია შემდეგ ეტაპზე რეიტინგის განსაზღვრისას გამოიყენება. ინდექსირებული ვებგვერდი ინახება მონაცემთა ბაზაში, საიდანაც მისი მოძიება უკვე შესაძლებელია.
როგორც წესი, ინდექსში ხვდება მხოლოდ ის ვებგვერდები, რომლებიც უნიკალურ და ღირებულ შინაარსს სთავაზობენ მომხმარებელს.
მეორეს მხრივ, ინდექსში მოხვედრა ყოველთვის გარანტირებული არაა-გვერდი შეიძლება არ დაინდექსდეს, თუ:
- შინაარსი მიიჩნევა სპამად ან დუბლირებულად
- საძიებო სისტემის ქრაულერმა ვერ აღმოაჩინა
- დომენს არ აქვს საკმარისი შემომავალი ბმულები და ავტორიტეტი
საძიებო სისტემის რანჟირება (Ranking)
ესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია რანჟირება (ან: რეიტინგის მინიჭება). რანჟირება მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა დასრულებულია სკანირება და ინდექსირება. როგორც კი საძიებო სისტემა აღმოაჩენს და დააინდექსებს შენს გვერდს, ის უკვე შეიძლება რეიტინგში მოხვდეს.
საძიებო სისტემები ვებგვერდების დალაგებისა და რეიტინგის განსაზღვრისთვის ასობით სიგნალს იყენებს, რომლებიც SEO-ს სამ ძირითად მიმართულებაში ერთიანდება: ტექნიკური ოპტიმიზაცია, შიდა (on-page) ოპტიმიზაცია და გარე (off-page) ოპტიმიზაცია.
სიგნალები, რომლებიც რეიტინგზე გავლენას ახდენს შემდეგნაირია:
- საკვანძო სიტყვა სათაურის ტეგში: არის თუ არა საკვანძო სიტყვა ან მისი სინონიმი გვერდზე და სათაურში;
- ჩატვირთვის სიჩქარე: რამდენად სწრაფად იტვირთება გვერდი და რამდენად ადაპტირებულია სმარტფონზე;
- ვებსაიტის რეპუტაცია: ითვლება თუ არა ვებგვერდი სანდოდ იმ თემისთვის, რომლის შესახებაც იძებნება ინფორმაცია;
- ბექლინკები: რამდენია და როგორი ხარისხისაა ბმულები, რომლებიც მიუთითებენ კონკრეტულ გვერდზე;
- შინაარსის ხარისხი და შესაბამისობა: არის თუ არა შინაარსი ღირებული და რელევანტური მიზნობრივი აუდიტორიისთვის;
თუ გჭირდება SEO მომსახურება, კონტენტ მარკეტინგი და სოციალური მედიის მართვა, მოგვწერე ფეისბუქზე.
ორგანული ტრაფიკი და მისი მნიშვნელობა : არის თუ არა SEO Google Ads-ზე უკეთესი და რა განსხვავებაა მათ შორის?
მარკეტინგული კამპანიის ხარჯების, მონიტორინგისა და შედეგების დაბალანსება მარტივი არ არის. ამ გამოწვევის წინაშე ორი ძირითად სტრატეგიას ვირჩევთ: საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას (SEO) ან ფასიან რეკლამას (PPC Pay-Per-Click კამპანიებს, მაგალითად, Google Ads კამპანია).
მაგრამ, რომელი მეთოდი გვჭირდება – საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია თუ Google Ads?
SEO-ს უპირატესობები
- საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო იაფია:
SEO-სთვის საჭიროა დრო და გარკვეული ინვესტიცია, ფრილანსერების ან SEO ხელსაწყოების (Ahrefs, SEMrush, Moz) ანაზღაურება, თუმცა საბოლოოდ ის უფრო ეკონომიურია, ვიდრე PPC. როდესაც კონტენტს ქმნი, რომელიც კარგად რანჟირდება და საიტზე ტრეფიკს იზიდავს, აღარ გიწევს მუდმივი გადახდა იმისთვის, რომ სამიზნე აუდიტორიამ გვერდი იხილოს. ორგანული ტრეფიკი მასშტაბირებადია და ძალიან ეკონომიური, SEO-ს საბოლოო შედეგი საძიებო სისტემებში უფასო რეკლამაა.
- SEO გაყიდვების ციკლის ყველა ეტაპს მოიცავს:
აუდიტორიის ნაწილი შენს ბრენდს კარგად იცნობს, ნაწილი ახლა ეცნობა, ზოგი კი მზადაა პროდუქტის შესაძენად. SEO საშუალებას გაძლევს, შექმნა სხვადასხვა ტიპის კონტენტი (ბლოგპოსტები, გზამკვლევები და სხვ.), რომლებიც ზუსტად პასუხობს თითოეული ადამიანის საჭიროებებს და ეტაპობრივად მიჰყავს ქმედებამდე.
- სტაბილური საძიებო ტრეფიკი:
როდესაც საიტი გუგლში კარგად რანჟირდება, შეგიძლია უფასო ტრეფიკი მიიღო, თუმცა მუდმივი ოპტიმიზაცია სჭირდება. განსხვავებით PPC-სგან, სადაც ბიუჯეტის ამოწურვისთანავე რეკლამა ქრება, SEO-ს “გამორთვა” კი შეუძლებელია.
- ბრენდის ავტორიტეტის ზრდა:
საძიებო სისტემაში საკვანძო სიტყვებზე პროდუქტისა და მომსახურების მუდმივად გამოჩენა ზრდის ნდობას და ბრენდის ავტორიტეტს. გუგლს კი აჩვენებს, რომ სფეროს ექსპერტი ხარ, რაც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რანჟირების ფაქტორს ქმნის.
SEO-ს მინუსები
- ალგორითმების ცვლილებები:
გუგლი და სხვა საძიებო სისტემები ხშირად ცვლიან ალგორითმებს, ამიტომ, მუდმივად უნდა აკონტროლო სტრატეგია და შედეგები.
- საიტის რეგულარული ოპტიმიზაცია:
ერთხელ მოპოვებული პოზიცია საკვანძო სიტყვებზე არ ნიშნავს იმას, რომ საქმე დასრულებულია. საჭიროა ძველი სტატიების განახლება, მოძველებული ან გაუქმებული ბმულების წაშლა და ახალი კონტენტის დამატება.
- დროის ფაქტორი:
ახალი ვებსაიტისთვის შედეგების მიღწევა შეიძლება თვეებს მოითხოვდეს, რადგან გუგლისთვის საიტის რანჟირებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომლებიც ახალ დომენს ჯერ არ აქვს მოპოვებული.
PPC-ის უპირატესობები
- სწრაფი შედეგი:
PPC კამპანიით შედეგების ნახვა რამდენიმე საათში შეიძლება.
- საძიებო სისტემაში დაწინაურება:
PPC კამპანიისას შენი ვებსაიტი საძიებო სისტემაში პირველივე გვერდზე ჩნდება.
- ზუსტი სამიზნე აუდიტორია:
შეგიძლია თავად განსაზღვრო, ვის აჩვენებ რეკლამას: გეოგრაფიული არეალი, ასაკი, ინტერესები და სხვა.
- A/B ტესტირების შესაძლებლობა:
შეგიძლია ერთდროულად ორი განსხვავებული რეკლამა გაუშვა და შეამოწმო, რომელი მუშაობს უკეთ.
PPC-ის ნაკლოვანებები
- მაღალი ხარჯები:
PPC კამპანია დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და ბიუჯეტის ამოწურვისას ტრეფიკიც წყდება. ზოგ ინდუსტრიაში ერთი დაწკაპუნება შეიძლება ძალიან ძვირიც იყოს.
- მოგების დაბალი ზღვარი:
PPC კამპანია მოკლევადიან წარმატებას იძლევა და მომხმარებლთა მოზიდვის ხარჯი მუდმივად იზრდება.
ორივე სტრატეგიას თავისი ძლიერი და სუსტი მხარე აქვს. საბოლოო არჩევანი დამოკიდებულია შენს მიზნებსა და რესურსებზე. ხშირად საუკეთესო შედეგს ამ ორი მეთოდის კომბინაცია გვაძლევს.
თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ორგანული ძიების შემთხვევაში, ტრეფიკი უფასოა, საძიებო სისტემაში კი გრძელვადიან უპირატესობას მოიპოვებ. ამიტომ მასში დროის ინვესტირება ნამდვილად ღირს!
On-page და Off-page SEO ოპტიმიზაცია
SEO ოპტიმიზაციაზე საუბრისას , ხშირად ახსენებენ ორი ტერმინს, ესენია: “on-page SEO” და “off-page SEO”.
მათ შორის მთავარი განსხვავება ასეთია:
- On-Page SEO არის ის, რასაც შენი ვებ გვერდი “ეუბნება საძიებო სისტემას”.
- Off-Page SEO არის ის, რასაც “სხვა ვებ გვერდები ამბობენ” შენზე.
On-Page SEO გულისხმობს თითოეული ვებ-გვერდის ოპტიმიზაციას ისე, რომ ისინი უფრო მაღლა გამოჩნდნენ საძიებო სისტემების შედეგებში. ეს მოიცავს როგორც კონტენტის, ისე HTML კოდის ოპტიმიზაციას. Off-Page SEO კი დაკავშირებულია გარე ფაქტორებსა და სიგნალებთან, მაგალითად, ბმულებთან.
On-Page SEO-ს გაუმჯობესება მნიშვნელოვნად აძლიერებს inbound marketing-ის სტრატეგიას, რადგან სწორედ ამ გზით ვიზიდავთ საიტზე სამიზნე აუდიტორიას. ოპტიმიზაცია აუცილებელია, რომ საძიებო სისტემამ ზუსტად გაიგოს ვინ ხარ, რას საქმიანობ და რაზე წერ.
მოკლედ რომ ვთქვათ, On-Page SEO-ს გაუმჯობესება ზრდის ვებსაიტის ორგანულ რანჟირებას საძიებო სისტემების შედეგებში (SERP).
საძიებო სისტემები მრავალი ფაქტორის მიხედვით აფასებენ ვებგვერდის რანჟირებას.
მათგან ზოგი უშუალოდ საიტის კონტენტსა და ტექნიკურ გამართულობას აფასებს, თუმცა გუგლი გარე წყაროებიდანაც იღებს შენს ვებსაიტზე წარმოდგენილ სიგნალებს. სწორედ ამიტომ არის off-page SEO განსაკუთრებით ფასეული.
მაგალითად, ბმულების შექმნა (link building), off-page SEO-ს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სტრატეგია, რანჟირების უმთავრეს ფაქტორად მიიჩნევა. მიზეზი მარტივია: გუგლის საძიებო სისტემა დაფუძნებულია PageRank-ის ალგორითმზე, რომელიც აფასებს ბმულებს როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი ნიშნით.
Off-page SEO-ს სტრატეგია საიტის შიგნით განხორციელებულ SEO მუშაობას (ანუ on-page SEO-ს) ავსებს და ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლების გაძლიერებას, როგორებიცაა:
- სანდოობა,
- რელევანტურობა,
- ნდობა,
- ავტორიტეტულობა.
ბმულების შექმნა (Link Building)
სხვა საიტებიდან მიღებული ბმულები შენი დომენისადმი ნდობის ნიშნად ითვლება. რაც უფრო მეტ ასეთ “ხმას” მიიღებ, მით უფრო გაიზრდება იმის შანსი, რომ საძიებო სისტემებში გამოჩნდები. თუ ნაკლებ ბმულს ფლობ, გუგლისთვის რთული იქნება შენი საიტის სანდოობის დამტკიცება.
სხვა გვერდებმა უნდა დაადასტურონ შენი ავთენტურობა, სწორედ ამას აკეთებს ბექლინკი. ბმულების შექმნა არის off-page SEO-ს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს პრიორიტეტებში.
ბმულების ძირითადი ტიპებია:
- ბუნებრივი (Natural/Earned) ბმულები: როცა სხვა ვებ გვერდები ან მომხმარებლები ორგანულად ახსენებენ შენს ბრენდს.
- შექმნილი (Built) ბმულები: როცა თავად დებ ძალისხმევას, მაგალითად, უკავშირდები გამომცემლებს ბმულის მითითების ან ბრენდის ხსენებისთვის.
გახსოვდეს! აუცილებელია მხოლოდ white hat სტრატეგიების გამოყენება. მაგალითად, ფორუმების ან კომენტარების განყოფილებების ბმულებით “დასპამვა”, შეიძლება გუგლისგან “პენალტით” დასრულდეს.
სოციალური მედია (Social Media)
შესაძლოა, სოციალური მედია მხოლოდ ბრენდის ცნობადობის ამაღლების ინსტრუმენტად გეჩვენებოდეს, მაგრამ, რეალურად, დომენის ავტორიტეტის გასაზრდელად და საძიებო სისტემაში პოზიციების გასაუმჯობესებლად არაჩვეულებრივი გზაა.
როცა სოციალურ მედიაში აზიარებ კონტენტს და ტრეფიკს შენი საიტისკენ მიმართავ, ეს გუგლს აჩვენებს, რომ მრავალფეროვანი წყაროებიდან იღებ ტრეფიკს და საინტერესო, ხარისხიანი კონტენტი გაქვს.
მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ჩაერთო სოციალურ ქსელებში, გააზიარო შენი კონტენტი და მუდმივად ჩართო აუდიტორია. რაც მეტი აქტივობა იქნება, მით უფრო გაიზრდება გაზიარებები, ბმულები და კლიკები, რაც საბოლოოდ აძლიერებს დომენის ავტორიტეტს.
ლოკალური SEO (Local SEO)
ლოკალური SEO გულისხმობს საიტის ოპტიმიზაციას ადგილობრივი ძიებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური ობიექტებისთვის ან კომპანიებისთვის, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში ემსახურებიან მომხმარებლებს (მაგალითად, ტექნიკური სერვისები, სუპერმარკეტები).
ამისთვის საჭიროა:
- შენი კომპანიის დამატება ადგილობრივ და ეროვნულ ბიზნეს რეესტრებში.
- პროფილის დადასტურება მიმოხილვების საიტებზე და მომხმარებელთა შეფასებებზე პასუხის გაცემა.
- მომხმარებლების წახალისება დადებითი შეფასებების დასატოვებლად.
- ყველა ციფრულ პლატფორმაზე საკონტაქტო ინფორმაციის თანმიმდევრულად მითითება.
- კონტენტ-მარკეტინგი (Content Marketing): კონტენტ-მარკეტინგი გაძლევს საშუალებას, მიზნობრივ აუდიტორიას მიაწოდო ღირებული ინფორმაცია, რომელიც პასუხობს მათ საჭიროებებსა და პრობლემებს.
გარდა ბლოგ-პოსტებისა და სხვა on-page კონტენტისა, შეგიძლია გამოიყენო დამატებითი გზებიც, მაგალითად:
- Guest Blogging;
- გადმოსაწერი შეთავაზებები;
- კვლევები და ანგარიშები;
ასეთი პრაქტიკები ზრდის საიტზე ტრეფიკს, იზიდავს ახალ ლიდებს და აუმჯობესებს პოზიციებს საძიებო სისტემაში.
როგორ ვირჩევთ საკვანძო სიტყვებს და რა არის SERP
SERP ანალიზი ნიშნავს იმას, რომ საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე (SERP) დეტალურად ვსწავლობთ საუკეთესო პოზიციებზე მყოფ ვებ გვერდებს. ასე ვიგებთ, რამდენად შესაბამისია ჩვენ მიერ არჩეული საკვანძო სიტყვა და რამდენად რთული იქნება კონკურენტებისთვის გადასწრება.
- რატომ ვაკეთებთ SERP ანალიზს?
საკვანძო სიტყვა, რომელიც თავიდან მნიშვნელოვანი გვეგონა, ზოგჯერ არ ამართლებს, რადგან მისი სემანტიკა ან ძიების მიზანი ჩვენს კონტენტს არ ემთხვევა. ამიტომაც ვიწყებთ SERP ანალიზს:
- საკვანძო სიტყვების კვლევა: ვარჩევთ შესაბამის საკვანძო სიტყვებს, ვსწავლობთ მათი ძიების მოცულობასა და სირთულეს.
- ძიების მიზნის განსაზღვრა: ვადგენთ, შეესაბამება თუ არა საკვანძო სიტყვა ჩვენს კონტენტს და მომხმარებლის მოლოდინს.
- კონკურენტების ანალიზი: ვაფასებთ, ვინ დგას რეიტინგში პირველ გვერდზე, რა აქვთ ძლიერი და სად შეიძლება მათი გადასწრება.
- შესაძლებლობების მოძიება SERP-ში: ვაკვირდებით, რა ტიპის კონტენტი დომინირებს, რა ფუნქციებია აქტუალური და სად შეიძლება ჩვენი კონტენტის გამოკვეთა.
- მონაცემების გამოყენება ოპტიმიზაციისთვის: მიღებული მონაცემებით ვახდენთ კონტენტის ოპტიმიზაციას, ვაუმჯობესებთ title-ს, meta description-ს, ვამატებთ სტრუქტურირებულ მონაცემებს და ვცდილობთ, კონკურენტებზე უკეთესი კონტენტი შევქმნათ.
- SERP-ის მონიტორინგი: მუდმივად ვაკვირდებით პოზიციებს, ცვლილებებს და ახალ შესაძლებლობებს, რათა დროულად მოვახდინოთ რეაგირება.
როგორ ვპოულობთ სისუსტეებს SERP-ში
- სათაურების წყობა: სწორად შერჩეული Meta tags და Heading tags გვაძლევს შანსს, მეტი კლიკი მივიღოთ.
- საკვანძო სიტყვების ჩართვა: ვაკვირდებით, ვიყენებთ თუ არა სწორად საკვანძო სიტყვებს. title-სა და meta description-ში ბუნებრივად ვამატებთ ქივორდებს.
- ორგანული CTR-ის გაზრდა: Google Search Console-ის მონაცემების მიხედვით, ვხედავთ, სად გვაქვს მაღალი პოზიცია, მაგრამ დაბალი CTR. ასეთ შემთხვევაში, ვცვლით სათაურებსა და აღწერებს.
ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს, მუდმივად ვიპოვოთ ახალი შესაძლებლობები, გავაუმჯობესოთ ჩვენი კონტენტი და გავზარდოთ ხილვადობა საძიებო სისტემებში.
როგორ აისახება SEO მომხმარებლის გამოცდილებაზე
ჩვენთვის საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია და მომხმარებლის გამოცდილება (UX) ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. კარგად ოპტიმიზებული ვებსაიტი, პირველ რიგში, მომხმარებლისთვის უნდა იყოს მარტივი და მოსახერხებელი. საძიებო სისტემები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ვებ გვერდებს, რომლებიც რეალურად პასუხობენ მომხმარებლის საჭიროებებს და მათ სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობენ.
თუ მომხმარებელი SERP-დან ჩვენს საიტზე გადმოდის და მალევე ტოვებს გვერდს, ეს გუგლისთვის ცუდი სიგნალია. ხოლო თუ სტუმარი რამდენიმე გვერდს ათვალიერებს და საბოლოოდ ჩვენთან კონვერტირდება, ეს უკვე პოზიტიურ სიგნალს აგზავნის და ზრდის ჩვენი საიტის ხილვადობას.
მნიშვნელოვანია, რომ საიტი იყოს მარტივად გასაგები და მომხმარებლის კითხვებზე სწრაფად გასცეს პასუხი. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ვეძებთ SEO-სა და UX-ს შორის ბალანსს, რათა საძიებო სისტემებიდან მოსულმა აუდიტორიამ მარტივად მიიღოს საჭირო ინფორმაცია.
დეტალები, რომლებსაც მუშაობისას ვითვალისწინებთ, შემდეგია:
- ვქმნით მობილურ-მეგობრულ საიტებს, რომლებიც ყველა ეკრანზე სწორად მუშაობს. ტექსტი ადვილად იკითხება, სურათები სწორად არის განლაგებული.
- ყურადღებას ვაქცევთ საიტის სიჩქარესა და ტექნიკურ მხარეს: LCP, INP, CLS.
- ვზრუნავთ, რომ საიტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს: (კონტრასტული ფერები, alt ტექსტი სურათებისთვის და სხვ.)
- ლოგიკურად ვალაგებთ კატეგორიებს და შიდა ბმულებს, რათა მომხმარებელმა სწრაფად იპოვოს სასურველი გვერდი და საძიებო სისტემებმაც მარტივად დააინდექსონ კონტენტი.
- ვწერთ მარტივად, ვყოფთ ტექსტს სათაურებად და bullets-ად, ვამატებთ ვიზუალურ ელემენტებს, რომ კონტენტი ადვილად აღსაქმელი იყოს.
- ვერიდებით აგრესიულ pop-up-ებსა და ბანერებს, რათა მომხმარებლის გამოცდილება არ დავაზიანოთ და SEO-ზე უარყოფითი გავლენა არ მოვახდინოთ.
SEO ოპტიმიზაციაზე მუშაობის გამოცდილება LinkUp-ში
LinkUp-ში SEO ოპტიმიზაციას ვიწყებთ სრული და დეტალური აუდიტით, სადაც ვადგენთ ტექნიკურ პრობლემებს და ვმუშაობთ დეველოპერთან ერთად მათ სწრაფად გამოსასწორებლად. ამის შემდეგ ვქმნით On-Page სტრატეგიას, რომელიც მორგებულია კონკრეტული ბიზნესის მიზნებსა და ინდუსტრიაზე. პარალელურად ვმუშაობთ Off-Page მიმართულებით – ვიძიებთ მხოლოდ მაღალი დომეინ ავტორიტეტის მქონე ბიზნესთან რელევანტურ საიტებს, რაც ხელს უწყობს საიტის სანდოობისა და პოზიციების ზრდას.
ჩვენი მიდგომა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტრაფიკის ზრდას, არამედ გრძელვადიანი შედეგების შექმნას, სადაც SEO ბიზნესის რეალურ წარმატებად იქცევა.