

ამ სტატიაში განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ მითს ციფრული მარკეტინგის შესახებ და პრაქტიკულ ეტაპებს, რომლებიც დაგეხმარებათ, შექმნათ შედეგზე ორიენტირებული სოციალური მედიის სტრატეგია. ყურადღებას გავამახვილებთ იმ შეცდომებზე, რომლებიც ბრენდებს წარმატების გზაზე აბრკოლებს.
ციფრული რენესანსი
2020-2022 წლები შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ პერიოდად ჩაითვალოს თანამედროვე მარკეტინგის ისტორიაში. ამ დროის განმავლობაში ციფრულმა სივრცემ რენესანსი განიცადა. სოციალური პლატფორმები არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ ბრენდების ზრდის, მომხმარებელთან დიალოგისა და ინოვაციური მარკეტინგული კამპანიების მთავარი არენა გახდა.
თუმცა, ციფრული ბუმის შემდგომ პერიოდში, მრავალი მარკეტერი კრიზისის წინაშეა, ჩნდება შეგრძნება, რომ ყველა შესაძლებლობა უკვე გამოყენებულია და ახალი, ეფექტური იდეების გენერირება თითქმის შეუძლებელია.
ყველაზე საზიანო მითი
ამ განცდამ წარმოშვა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მითიც: თითქოს სპონტანურად შექმნილი, კრეატიული კონტენტი თავისით გავრცელდება და მყისიერ შედეგს მოიტანს.
რეალურად, ალგორითმების მრავალშრიან მექანიზმში შემთხვევითი წარმატება იშვიათი გამონაკლისია. დღევანდელი ციფრული წარმატების ქვაკუთხედი კარგად დაგეგმილი სტრატეგიაა: მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მონაცემებზე დაფუძნებული.
განათლების სფეროში პედაგოგებს ხშირად ეკითხებიან, რომელია ის უმთავრესი ცნებები, რომელთა სრულყოფილი ათვისების შემდეგ დაბეჯითებით ვიტყვით, რომ ადამიანი კონკრეტულ დისციპლინას ფლობს, სხვაგვარად სწავლა სიბნელეში ხელის ცეცებას ჰგავს. ამიტომ ვსახავთ კონკრეტულ გეგმას, ეტაპობრივ მიზნებსა და პროცესის მართვას შედეგზე ორიენტირებულად. ანალოგიურად, მარკეტინგშიც, გრძელვადიანი სტრატეგიის გარეშე, ცალკეული აქტივობები ხშირად რჩება ფრაგმენტულ, დაუკავშირებელ მცდელობებად, რომლებიც საბოლოოდ ვერ ახდენენ ზემოქმედებას.
რა გულისხმობს ეფექტური სოციალური მედიის სტრატეგია
სოციალური მედიის სტრატეგია არის სისტემატური მიდგომა, რომელიც ადგენს, როგორ უნდა შეიქმნას და გავრცელდეს კონტენტი, ასევე როგორ უნდა წარიმართოს ბრენდისა და აუდიტორიის კომუნიკაცია კონკრეტულ პლატფორმებზე.
სტრატეგიის მთავარი კომპონენტებია:
ბრენდის არქეტიპისა და სალაპარაკო ტონის განსაზღვრა:
ერთიანი და თანმიმდევრული ენისა და იდენტობის ჩამოყალიბება, რომელიც ყველა არხზე ბრენდის შინაარსს გამოხატავს.
მიზნობრივი პლატფორმების შერჩევა:
მნიშვნელოვანია ფოკუსირება იმ სოციალურ არხებზე, სადაც თქვენი აუდიტორია რეალურად აქტიური და ჩართულია.
გაზომვადი მიზნების დასახვა:
ეფექტური სტრატეგია ეფუძნება კონკრეტულ და გაზომვად მიზნებს. აუდიტორიის ზრდა, ჩართულობის გაუმჯობესება, ვებსაიტზე ტრაფიკის მოზიდვა და ბრენდის ცნობადობის ზრდა უნდა იყოს გამოხატული კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლებით.
კონტენტის კალენდრის დაგეგმვა:
დეტალური გრაფიკი, რომელიც უზრუნველყოფს კონტენტის თანმიმდევრულ, დროულ და მიზნობრივ გავრცელებას.
ანალიტიკა და ოპტიმიზაცია:
აუცილებელია რეგულარული მონიტორინგი, შედეგების შეფასება და სტრატეგიის მუდმივი დახვეწა მონაცემების საფუძველზე.
5 მთავარი ეტაპი ეფექტური სტრატეგიის შემუშავებისთვის
აუდიტორიის განსაზღვრა
სამიზნე აუდიტორიის ზუსტად განსაზღვრა ნებისმიერი მარკეტინგული სტრატეგიის საწყისი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. თუმცა იგი მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით არ შემოიფარგლება.
რეალურად, ეს პროცესიც შემოქმედებითია და მსახიობის ოსტატობას ჰგავს. წარმოიდგინეთ, რომ ექიმის როლის შესრულება გიწევთ. ეს როლი რომ დამაჯერებლად მოირგოთ, მხოლოდ თეთრი ხალათის ჩაცმა საკმარისი არაა. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ ფიქრობს პერსონაჟი, როგორ რეაგირებს სიხარულსა და მწუხარებაზე, რისკენ ისწრაფვის.
ასევეა აუდიტორიასთან ურთიერთობაც: მხოლოდ ასაკის, სქესისა და პროფესიის ცოდნა არ კმარა. უნდა იცოდეთ:
- რას ეძებენ Google-ში
- რა სტილი მოსწონთ
- რომელი ფერები იწვევს მათში ემოციურ რეაქციას
- რა ტიპის იუმორზე რეაგირებენ
- სად ატარებენ დროს ონლაინ
- რა პრობლემები აწუხებთ ყოველდღე
- რა იმედები და შიშები აქვთ
ასეთი კონტენტი თანაგრძნობითაა შექმნილი, რომელიც აუდიტორიას შთააგონებს.
საძიებო ოპტიმიზაცია: Google და სოციალური მედია
მას შემდეგ, რაც ზუსტად განსაზღვრავთ, ვის ელაპარაკებით, იმაშიც უნდა დარწმუნდეთ, რომ გიპოვიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თქვენს ბრენდს საძიებო ოპტიმიზაციის (SEO) სტრატეგია ჰქონდეს როგორც Google-ისთვის, ასევე სოციალური მედიაში საძიებო სისტემებისთვის (Social SEO).
- Google-ის SEO ხელს უწყობს თქვენი ვებსაიტის ხილვადობას საძიებო სისტემებში და აყალიბებს თქვენს სანდოობას.
- სოციალური SEO კი ზრდის თქვენი კონტენტის აღმოჩენის შანსს იმ მომხმარებლებისთვის, ვინც ინფორმაციას უშუალოდ სოციალურ პლატფორმებზე ეძებს.
პრაქტიკული რეკომენდაციები:
- საკვანძო სიტყვების გამოყენება: თქვენს სოციალურ არხებზე (Instagram, Facebook, TikTok, YouTube) პოსტებში და ბიოში გამოიყენეთ ის ტერმინები, რომლებსაც თქვენი აუდიტორია იყენებს საძიებლად;
- თანმიმდევრული Username: შეარჩიეთ მომხმარებლისთვის მარტივად დასამახსოვრებელი და მოძიებადი პროფილის სახელი და შეინარჩუნეთ თანმიმდევრულობა ყველა არხზე;
- Alt-Text ოპტიმიზაცია: სურათებისა და ვიდეოების ატვირთვისას გამოიყენეთ alt-text ფუნქცია – ეს ზრდის ხილვადობას როგორც სოციალური პლატფორმის, ასევე Google-ის მეშვეობით
პლატფორმაზე მორგებული კონტენტი
ყოველი სოციალური მედიის პლატფორმა თავისი სტილით, ტონითა და მომხმარებლის მოლოდინებით განსხვავდება. აუცილებელია კონტენტის მორგება კონკრეტული არხის აუდიტორიასა და კომუნიკაციის სტანდარტებზე.
პლატფორმების სპეციფიკა:
- LinkedIn: უფრო პროფესიული სივრცე: ინდუსტრიაზე ორიენტირებული პოსტები, ექსპერტული შეხედულებები;
- Instagram: ვიზუალურად მდიდარი პლატფორმა: მკვეთრი, ესთეტიკურად მიმზიდველი ფოტოები და მოკლე ვიდეოები;
- TikTok: კრეატიულობისა და ტენდენციების ადგილი: იუმორი, გულწრფელობა და უშუალობა;
როდესაც კონტენტი სწორად ერგება არხს, ის ზრდის ჩართულობას და აჩვენებს, რომ ბრენდი იცნობს აუდიტორიის ენას.
მაგალითად, Wendy’s-ის ტონი X-ზე ირონიული და თამამია, Instagram-ზე კი მათ აქვთ ესთეტიკური და ხარისხიანი ფოტო კონტენტი, რომელიც პროდუქტის პრეზენტაციას ემსახურება.
კონტენტის სისტემატური დაგეგმვა
სოციალური მედია ზუსტი მეცნიერება არ არის, იგი ყველასთვის ერთნაირად არ მუშაობს და ინდუსტრიების მიხედვით განსხვავდება. თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ ეფექტური მენეჯმენტისათვის აუცილებელია წინასწარ გაწერილი განრიგი და მისი დაყოფა სხვადასხვა კატეგორიებად.
- კონტენტი, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს აქტუალობას და აუდიტორიის ჩართულობას უზრუნველყოფს (მაგალითად, რჩევები, ფაქტები, ციტატები);
- სარეკლამო კონტენტი, რომელიც რეგულარულად ახსენებს პროდუქტებსა თუ სერვისებს (მაგ. მომხმარებელთა გამოხმაურებები, შეთავაზებები);
- კამპანიებზე ორიენტირებული კონტენტი, კონკრეტული აქციები, ახალი სერვისის ან პროდუქტის გაშვება;
- პერიოდული კომუნიკაცია , მაგალითად, ყოველკვირეული რუბრიკა, თემატური დღეები და სხვა.
შედეგების გაზომვა და ოპტიმიზაცია
შედეგების გაზომვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოტოვებული ნაბიჯია, რომლის გარეშე მარტივად აღმოჩნდებით ინფორმაციულ ქაოსში.
დასაწყისისთვის გაიგეთ:
- მაგალითად, რამდენი მომხმარებელი გადაჰყავს აქტივობას სოციალური არხებიდან საიტზე?
- რას აკეთებენ ისინი გადასვლის შემდეგ: კითხულობენ, რეგისტრირდებიან, ყიდულობენ?
- რომელ პოსტებზეა მაღალი ჩართულობა?
აირჩიეთ მარტივად გასაზომი მეტრიკები:
- პოსტებზე საერთო ჩართულობა (ლაიქები, გაზიარებები, კომენტარები);
- სოციალურ არხებიდან ვებ-ტრაფიკი;
- შემოსავალი, რომელიც გენერირდება სოციალური მედიის გავლენით.
მთავარია გახსოვდეთ: სოციალური მედია ინსტრუმენტია, არა მიზანი. მისი ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ზუსტად იცით, რისთვის და როგორ იყენებთ მას. დაიწყეთ მარტივიდან, იყავით თანმიმდევრული და მუდმივად გადაამოწმეთ მონაცემები.